ჯიბრან ხალილ ჯიბრანი "შლეგი" (ინგლისურიდან თარგმნა ირმა მახარაძემ)

როგორ გავხდი შლეგი

გსურთ იცოდეთ, როგორ გავხდი შლეგი? ასე იყო: ერთ დღეს, სანამ ბევრი ღმერთი გაჩნდებოდა, ღრმა ძილიდან გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვიდივე ნიღაბი მოეპარათ. ის ნიღბები მე შევქმენი და შვიდ ცხოვრებაში ვატარებდი. ხალხით გადაჭედილ ქუჩაში უნიღბოდ გავვარდი და ვყვიროდი: "ქურდები, წყეული ქურდები!"

ხალხმა დამცინა. ზოგი სახლშიც კი გაიქცა, შეშინებული. 

როცა ბაზარს მივუახლოვდი, ერთმა ახალგაზრდამ, სახლის ბანზე რომ იდგა, დაიყვირა: "შლეგია, შლეგი!" ზევით ავიხედე, რომ შემეხედა. ამ დროს მზე პირველად ეამბორა ჩემს უნიღბო სახეს. სული მაშინვე მზის სიყვარულით ამენთო. ნიღბები აღარ მინდოდა. აღტყინებულმა შევძახე: "კურთხეულ იყვნენ ქურდები, რომლებმაც ნიღბები მომპარეს!"

ასე გავხდი შლეგი.

თავისუფლებაცა და უსაფრთხოებაც სიშლეგეში ვპოვე; მარტოობის თავისუფლება და იმისგან უსაფრთხოება, რომ ადამიანებმა გამიგონ, რადგან ვინც გვიგებს, ჩვენს ნაწილს იმონებს.

მაგრამ ნება მიბოძეთ, ჩემი უსაფრთხოებით ზედმეტად არ გავკადნიერდე. ციხეში გამომწყვდეული ქურდიც კი დაცულია სხვა ქურდებისგან.

Comments

Popular posts from this blog